უბრალოდ ცეკვა

Posted on March 5, 2012 by

0


კას ლოური

ხალხი მეკითხება, საიდან გავიგე საქართველოს შესახებ. ყველაზე ადვილი პასუხი დიალოგის გასაგრძელებლად ჩემი ქართველი ჯგუფელების ხსენებაა, თუმცა ეს სრული სიმართლე არაა.

ჩემი საუკეთესო მეგობარი ქართველ ამხანაგებთან ერთად საქართველოში ჩავიდა. როდესაც დაბრუნდა, ემოციებს სიტყვებით ვერ გამოხატავდა და  ამ ახლადაღმოჩენილი მიწა-წყლის შესახებ მთრთოლვარე ხმითა და ჟესტიკულაციით გადმოგვცემდა. როგორც იქნა, მიხვდა, რომ მხოლოდ ემოციები და სიტყვები არ იყო საკმარისი, კომპუტერთან დამსვა და  ვიდეო ჩანაწერი მანახა.

მაგიდაზე შელახული წიგნი იდო, ნახევრადგანათებულ სივრცეში. მუსიკის ჟღერადობამ მისი ზედაპირიდან მტვერი გადმოყარა. საოცარად ჟღერდა მამაკაცის ხმის ტემბრით შესრულებული ფოლკლორული მუსიკა. მართლაც ზღაპრების წიგნის იერს აძლევდა ტომეულს მასში ასახული მთის მწვერვალთა სურათები.

შემდეგი შთაბეჭდილება ჩემზე მოახდინა მამაკაცმა, ფრიალა გრძელ პალტოში შემოსილმა , რომელმაც მუსიკის ხმის მომატებაზე  ცეკვა დაიწყო.  ნაქსოვი შემოსაცმელი გაიხადა და მუსიკის რითმს აჰყვა. ხმლების სწრაფი მოქნევა, სინქრონი – შესრულებას ნამდვილი ჩხუბისგან ვერ განასხვავებდით. გამოჩნდნენ  ულამაზესი ქალბატონები,  სამაჯურებითა და სამკაულებით მოკაზმულები.

საქართველოზე ეს შთაბეჭდილება წლების განმავლობაში გამყვა და ახლაც კი, როდესაც მე თავად გავყურებ მთის მწვერვალს და  ვუსმენ ფანდურზე შესრულებულ ქართულ ნაციონალურ მუსიკას, მთელს ტანში ზაფხულის თბილი მდინარის მორევივით მივლის ეს ეროვნული სიამაყე და სილამაზე. არ არის გასაკვირი, რომ ყველა სუფრაზე, თავყრილობის დროს ცეკვაა ის, რასაც ყველაზე მეტად ველი.

ქართული ცეკვა ერთი შეხედვით სახიფათოდ მოგეჩვენებათ, როდესაც ნახავთ სუფრიდან წამომდგარ მოცეკვავე  წყვილს თუ ანსამბლ „ერისიონის“ წარმოდგენას. მე ყველას გირჩევთ, ცეკვის მოყვარულებო, უბრალოდ ადექით და რომელიმე მოცეკვავეს სთხოვეთ, გასწავლოთ ცევა. ეს არა მხოლოდ  დიდ სიამოვნებას მოგანიჭებთ, არამედ მოძრაობით გამოწვეული მოგონებები და ისტორიები ყველა სახის ენობრივ ბარიერს გადაგალახინებთ.

პირველად, როდესაც ცეკვა გავბედე, ვიყავით „ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად“ პროგრამის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე, კახეთში- პროფესიული კოლეჯის ვენახში, რთველზე. მოსავლის აღების შემდეგ, მიგვიწვიეს სუფრასთან. სულ მალე ცეკვაც დაიწყო. მე წარმოდგენა არ მქონდა, როგორ უნდა შემესრულებინა ქართული ილეთები, თუმცა, უცებ შევნიშნე ერთი სტუდენტი, ვინც ყურძნის კრეფაში მეხმარებოდა, ახლა კი იატაკს წმენდდა და ვთხოვე, რამოდენიმე მოძრაობა ესწავლებინა. სულ ცოტა ხანში შევძელი, თავად მეცეკვა.  ყველაზე დიდი სიამოვნებაა, როდესაც სცენა ყველას ეკუთნის, ყველა ცეკვავს.

მივყვეთ სეზონის ცვლილებას  – წარმოიდგინეთ რესტორანი საოცარ ქალაქ ბორჯომში. თოვლის ფიფქები ფანჯრებს ეცემა, იქვე შვიდი უცხოელი ზის ქართველების სუფრის პირდაპირ, ისინი დაბადების დღეს აღნიშნავდნენ. ვისხედით და ყველა ველოდით მუსიკის დაწყებას. მალე მივხვდი, რომ ჩემი საყვარელი კომოპზიცია აჭარული იყო, სწორედ აჭარულის ცეკვა მასწავლეს კახეთში, რთველის დროს . მეზობელი მაგიდიდან წამოხტნენ ახალგაზრდა მამაკაცები და დაიწყეს ცეკვა. რამოდენიმე მოძრაობის შემდეგ, მეც შევუერთდი. ყველა ჩვენ გვიყურებდა. რამოდენიმე წუთში, ყველა მაგიდა გაერთიანდა, ყანწები ხელში ეჭირათ და სადღეგრძელოებს წარმოთქვამდნენ. საღამოს მიწურულს, მთელი რესტორანი დაბადების დღეს აღნიშნავდა, ზეიმობდა და მღეროდა. როდესაც კარგად ნაცნობი ამერიკული პოპ მუსიკა დაიწყო  („Wakka Waka”, “Party Rock Anthem” და “Besame Suavamente”), ახლა ჩვენ გადავწყვიტეთ, ჩვენი კულტურა წარმგვედგინა ადგილობრივებისთვის. გვინდოდა, ხალხისთვის გაგვეცნო, რა ჩამოვუტანეთ მათ შესანიშნავ ქვეყანას. მოკლედ რომ ვთქვა, ის საღამო დასრულდა მხრებზე ცეკვითა და წკიპურტებით.

მართლაც, ამ ქვეყანაში ცეკვა სარისკოდ მოგეჩვენებათ, მაგრამ მე შემიძლია ვთქვა, ეს არ არის უარის თქმის მიზეზი. მეგობრის დაბადების დღეზე დაუკრეს ქართული. ის  რაც მე ამ ცეკვაში მომწონს, საგანგებოდ შესრულებული „ცბიერი“ ილეთია. ღვინის ჭიქას დებენ იატაკზე (ხანდახან ცხვირსახოცსაც), მოცეკვავემ ის ჰორიზონტალურ მდგომარეობაში უნდა აიღოს, ისე რომ ხელები უკან ჰქონდეს და ისე დალიოს. როდესაც ეს ილეთი პირველად ვიხილე, მივხვდი, რომ  უნდა მესწავლა. სწორედ ამ მუსიკის შესრულება დაიწყეს და რა თქმა უნდა, მეც მოვამზადე ცხვირსახოცი და დავიწყე ცეკვა. მაყურებლებს მოეწონათ ჩემი მონდომება და ღვინის ჭიქა მომიტანეს ილეთის ახლიდან შესასრულებლად. ქართული ტრადიციული ღვინის ჭიქის ნაცვლად, მომიტანეს განსხვავებული ფორმის ჭიქა, მე უარი ვთქვი, მეგონა ძალიან სუსტი იქნებოდა. ერთი ქალბატონი მიმტკიცებდა, სწორედ ამ ჭიქას იყენებდნენ ზემოხსენებული ილეთის შესასრულებლად. დამითანხმეს და დავიწყე ილეთის შესრულება. როდესაც ჭიქა პირში ავიღე, კბილებში ჩამატყდა და მთელი ღვინო იატაკზე გადმოიქცა. ვიდექი და ნამსხვრევებისგან ვთავისუფლდებოდი, თუმცა ეს ისტორია დიდ მოგონებად დამრჩა.

ცეკვა საუკეთესო გზაა მოსალხენად. მე ყველას გირჩევთ, ადგეთ და იცეკვოთ ხოლმე. მე ცეკვაზე ადგილობრივ სკოლაში დავიწყე სიარული. სულად არ გამჭირვებია. ერთ დღეს, ჩემს მასპინძელ დედას ვკითხე, ისწავლებოდა თუ არა ცეკვა ახლომდებარე ტერიტორიაზე. რამოდენიმე სატელეფონო ზარის შემდეგ, მან მითხრა, მეორე დღეს მივსულიყავი მოპირდაპირე მხარეს, სკოლის შენობაში, 8:30 საათზე.  ეს არის არაჩვეულებრივი მოზარდების ჯგუფი, რომლებიც ერთობიან და ახალ მოძრაობებს ეუფლებიან. ისინი პატივისცემითა და დადებითი ემოციებით უდგებიან ჩემს მონდომებას, ვეზიარო მათი ეროვნული თვითმყოფადობის სიმბოლოს. ჩემმა ბევრმა მეგობარმა რუსთავში თუ გურჯაანში დაიწყო ცეკვაზე სიარული. ყველა რეგიონშია პროფესიონალ მოცეკვავეთა ერთი ძირითადი ანსამბლი. ბევრი მათგანი, არდადაგების დროს ბრუნდება სოფლებში ადგილობრივებისთვის ცეკვის სასწავლებლად. თუ დაინტერესდებით, უბრალოდ ჰკითხეთ გარშემომყოფებს და აუცილებლად იპოვნით ისეთ ადამიანს, ვინც თქვენ ცეკვას გასწავლით.

ყოველთვის, როცა აჭარული მესმის, ვდგები და გვერდით მსხდომ ადამიანს ვეცეკვები, გარშემო კი მომღიმარი მოცეკვავეები მიყურებენ, ტაშს გვიკრავენ. ზუსტად ისეთივე ამაყი ღიმილი და სიყვარული აქვთ გამოსახული სახეზე, როგორიც მეგობრის ვიდეო ჩანაწერში ვიხილე ოთხი წლის წინ. ამ მოძრაობებში აისახება მიწა-წყლის, ისტორიისა და სიცოცხლის სიყვარული. ჩემთვის მეტად ამაღელვებელია, ვეზიარო ქართულ გულს ცეკვის მეშვეობით.

უბრალოდ იცეკვეთ, დამიჯერეთ, თქვენ ეს გამოგივათ.

ინგლისურად

Advertisements