წინ გადადგმული პატარა ნაბიჯები

Posted on March 15, 2012 by

1


კეიტლინ  სმიტი

ხუთშაბათს საღამოს მშვიდად ვიჯექი საკლასო ოთახის ბოლოში, სახეზე ღიმილი დამთამაშებდა და ვუყურებდი როგორ ატარებდა მასწავლებელი საუკეთესო გაკვეთილს მათ შორის, რაც საქართველოში სწავლების  ორი კვირის მანძილზე ვნახე. ოცივე მოსწავლე წყნარად იჯდა, ბეჯითად მუშაობდა და ჩართული იყო გაკვეთილის პროცესში. მასწავლებელი შემთხვევით შერჩეულ მოსწავლეებს უსვამდა კითხვებს, ისევე, როგორც მე ვაკეთებდი იქამდე მის თვალწინ, თუმცა აქამდე არ მქონდა  შემჩნეული  მისი მხრიდან მსგავსი მეთოდის გამოყენება. როდესაც არჩეული მოწავლე პასუხობდა,  სხვები წყნარად ისხდნენ. კლასს ვუყურებდი  და ვერ ვიჯერებდი რამდენი რამ შეიცვალა მას შემდეგ რაც დაახლოებით ორი კვირის წინ ადგილობივ მასწავლებელთან ერთად დავიწყე სწავლება.

8 თებერვალს, როდესაც პირველად შევედი საკლასო ოთახში, ვგეგმავდი, რომ გაკვეთილის ძირითად ნაწილს დაკვირვებას დავუთმობდი. ეს პროცესი დაახლოებით 20 წუთს გაგრძელდა და ამ პერიოდში მივხვდი, რომ მასწავლებელი ვერ ახერხებდა კლასის კონტროლს. 25 მოსწავლისგან შემდგარი მეორე კლასი ქაოტური იყო.

მასწავლებელი მუშაობდა მხოლოდ ექვს მეორეკლასელთან, რომლებიც სკამებიდან წამოხტებოდნენ ხოლმე, რომ ეპასუხათ მისი შეკითხვებისთვის, ხოლო კლასში დანარჩენ ბავშვებს ყურადღებას არ აქცევდა. მასწავლებლის მიერ უყურადღებოდ დატოვებულ ბავშვებს არ ჰქონდათ წიგნები მერხებზე, ისინი თამაშობდნენ, გამუდმებით საუბრობდნენ ქართულად, არ ცდილობდნენ ყურადღების მიქცევას და  მასწავლებელიც არ ცდილობდა მათ ჩართვას გაკვეთილში.  როდესაც ერთ–ერთი მოსწავლე წვალობდა სიმღერის ტექსტის წაკითხვაზე და მე ვცდილობდი გამომერჩია მისი ხმა მისი თანაკლასელების ლაპარაკისგან, მაშინ  გამინათდა გონება.

მშვიდად  გავედი წინ და დაველოდე როდის დაამთავრებდა კითხვას. ყვირილის გარეშე ვთხოვე ბავშვებს,  დამსხდარიყვნენ. თარგმანის შემდეგ მათ შეასრულეს ჩემი თხოვნა. ისინი დაწყნარდნენ, რადგან აინეტესებდათ, რის თქმას ვაპირებდი მე, მათ ცხოვრებაში ახლად გამოჩენილი ამერიკელი. „რა არის ეს? არის ეს ძაღლი?“ წავიმღერე სიმღერის პირველი სტრიქონი. მათ შემომხედეს და ჩაიხითხითეს. „ყველამ“, მშვიდად ვუბრძანე. მათ მეორე მასწავლებელს შეხედეს, რომელმაც უთარგმნა ჩემი ნათქვამი და ბავშვებმა დამიჯერეს. მე შევაქე მათი მცდელობა და თავიდან დავიწყეთ.

„რა“ ვთქვი კვლავ, თან ხელები მხრების სიგანეზე გავშალე და ხელისგულები ამოვატრიალე, თითქოს კითხვას ვუსვამდი. მოსწავლეებმაც იგივე გააკეთეს. „არის“ , ვთქვი და ადგილზე სიარული დავიწყე. ისინიც დადიოდნენ ადგილზე. „ეს“ მოვხარე გაშლილი ხელები და საჩვენებელი თითი მათკენ გავიშვირე. მალე ისინი ჩემსკენ იშვერდნენ ხელს. „არის“ ჩვენ ისევ ადგილზე დავდიოდით, „ეს“ მე ბავშვებისკენ გავიშვირე თითი, მათ – ჩემსკენ, თითი ავწიე და დავინახე, რომ ოცივე მეორეკლასელმა იგივე გააკეთა. „ძაღლი“ ჰაერში მოვხაზე ყურები და ხელები თავთან მივიტანე. მალე ჩემი მეორეკლაელებიც ცდილობდნენ ძაღლები განესახიელებინათ. ასე, სიტყვა–სიტყვით განვასახიერეთ ერთად  მთლიანი სიმღერა. მერე რამდენჯერმე გავიმეორეთ, თუმცა ამჯერად მხოლოდ მოსწავლეები ლაპარაკობდნენ.

ამის შემდეგ ასე ვიმეორებდით თითქმის ყველა დონეზე იმ მასწავლებელთან ერთად. როდესაც მას უჭირდა კლასში კონტროლის დამყარება, მე ვერთვებოდი,  ვამყარებდი კონტროლს და ვცდილობდი წამეხალისებინა ყველა ბავშვის ჩართულობა გაკვეთილში. დავიწყე დაფაზე ფრაზების დაწერა, რათა იმ ბავშვებსაც ესწავლათ, რომლებსაც წიგნები არ ჰქონდათ. მოსწავლეებს  ვაკითხებდი, ვაწერინებდი და ვამეორებინებდი თითქმის ყველა სიტყვას. ვიძახებდი იმ ბავშვებს, რომლებიც ადრე არასდროს პასუხობდნენ და ვაწყნარებდი იმათ, ვინც ყოველთვის აქტიურობდა. შემოვიღე წესები იმ კლასებში, რომლებიც უმართავი იყო. მიუხედავად იმისა, რომ  სწავლების და კლასის მართვის თვალსაზრისით მართლაც ბევრს ვაკეთებდი, თანდათან ეჭვი მეპარებოდა იმაში, რომ ასეთი მიდგომა დაეხმარებოდა ადგილობრივ მასწავლებელს სწავლების მეთოდის გაუმჯობესებაში.

როდესაც ვაკვირდებოდი, რა შესანიშნავი გაკვეთილი ჩაატარა ხუთშაბათს პირველკლასელებთან, შევამჩნიე, რომ მის მეთოდში აისახებოდა ჩემი სწავლების ტექნიკა. ის წერდა დაფაზე, ეკითხებოდა ბავშვებს და აწერინებდა მათ. იძახებდა ყველა მოსწავლეს, განსაკუთრებით მორცხვებს. სვამდა კითხვებს და ელოდებოდა პასუხებს. ცდილობდა ბავშების ენთუზიაზმის წახალისებას და ითხოვდა ყურადღებას. ამეორებინებდა სიტყვებს როგორც მთელ კლასს, ისე ცალკეულ მოსწავლეებს. იშვიათად ყვიროდა.  რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მან მოიპოვა ნდობა და გაკვეთილიც უფრო სახალისო გახადა.

როდესაც მივდიოდით მომდევნო გაკვეთილის ჩასატარებლად, აღტაცებას ვერ ვმალავდი. როდესაც ვუთხარი, რომ მის მიერ ჩატარებულ გაკვეთილებს შორის ეს საუკეთესო იყო, მას სტიმული მიეცა. მთელი დღე აღფრთოვანებული იყო თავისი წარმატებით – ჩვენ ერთად დავგეგმეთ გაკვეთილი და განვიხილეთ კლასის მართვის წესები, რომლებიც არ მოიცავდა ყვირილს. სამწუხაროდ ეს საუბარი ზარმა შეგვაწყვეტინა და სულ მალე მე აღმოვჩნდი საკლასო ოთახში მასწავლებელთან ერთად, რომელსაც სჯერა ყვირილის ეფექტურობის. თუმცა, როდესაც გამოვედი კოკისპირულ წვიმაში, გამეღიმა, რადგან გავაცნობიერე, რომ ჩემმა ხანმოკლე ყოფნამ უკვე მოიტანა ცვლილებები.

ინგლისურად

Advertisements